Filtra per genere
- 101 - SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში
SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის. როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ მომავალში არა მხოლოდ ჩვენი სიზმრებისა თუ მცირე ფანტაზიების, არამედ კომპლექსური იდეებისა თუ სიუჟეტების ვიდეო მასალად გარდაქმნა შეგვეძლება. მომავალში შეიძლება ადამიანმა სახლიდან გაუსვლელად ფილმიც კი "შექმნას". შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია თენგო თადუმაძე, SizmarAI-ის დამფუძნებელი.
Fri, 12 Jul 2024 - 42min - 100 - დეზინფორმაციის ტექნოლოგიები — პროპაგანდა ციფრულ სამყაროში
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ როგორ იქმნება თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია, ვინ ქმნის მას და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. ჩვენი სტუმარია სოფო გელავა, დეზინფორმაციის მკვლევარი.
Tue, 25 Jun 2024 - 1h 12min - 99 - შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი
დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო. თუმცა, დღეს ამით აღარ ვკმაყოფილდებით და ჩნდება შეკითხვა, რა იქნება ციფრულ სამყაროში და როგორ ფორმას მიიღებს მომავალში დამწერლობა? პოდკასტში დამწერლობის ისტორიაზე, ევოლუციასა და მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გამომცემელი მამუკა ხანთაძე.
Wed, 22 May 2024 - 1h 59min - 98 - რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას
მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.
Fri, 26 Apr 2024 - 1h 00min - 97 - რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია
სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
Fri, 22 Mar 2024 - 1h 08min - 96 - კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა. ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება. შემდეგი პოდკასტის 95-ე ეპიზოდში სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე.
Tue, 12 Mar 2024 - 43min - 95 - ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა
პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია! თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან უცნაური და საინტერესო პიროვნება. შემდეგი პოდკასტის 94-ე ეპიზოდში სწორედ ამ ყველაფერზე მოგითხრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.
Thu, 15 Feb 2024 - 1h 14min - 94 - გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში
გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის. შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი.
Tue, 06 Feb 2024 - 1h 02min - 93 - CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე.
Thu, 01 Feb 2024 - 1h 31min - 92 - კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი
კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შემდეგი პოდკასტის 91-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მუხიგულიშვილი, მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.
Sun, 14 Jan 2024 - 56min - 91 - თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია
თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია. - როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?- რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?- რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?! ეს იმ მნიშვნელოვანი შეკითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დიამონდი თავის წიგნში სცემს პასუხს. შემდეგი პოდკასტის 90-ე ეპიზოდში ჯარედ დაიმონდის უმნიშვნელოვანეს წიგნზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნიკა სამუშია, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულად თარგმნა.
Wed, 13 Dec 2023 - 57min - 90 - თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. შემდეგი პოდკასტის 89-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ Starlink-ზე და იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ინტერნეტის მომავალი. ჩვენი სტუმარია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი.
Tue, 05 Dec 2023 - 36min - 89 - ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო
ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც. დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი. შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ როგორც ამ ტექნოლოგიის ისტორიას, ისე აწმყოსა და მომავალს. პოდკასტი ასევე საინტერესო იქნება მისთვის, ვისაც ახლო მომავალში თავად აქვს ტელესკოპის შეძენა გადაწყვეტილი. ჩვენი სტუმარია სერგი კაპანაძე, აბასთუმანის ობსერვატორიის მკვლევრი და ფიზიკის დოქტორი.
Thu, 30 Nov 2023 - 1h 20min - 88 - თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი
რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს. ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ. თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ შედეგს იმისას თუ რას ვაკეთებთ და ვერ ვმართავთ მას?! პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაგებას ვცდილობთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.
Tue, 31 Oct 2023 - 1h 46min - 87 - ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი — სამხედრო ტექნოლოგია
7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი. გავრცელდა (დაუდასტურებელი) ინფორმაცია იმაზე, რომ ისრაელი რკინის სხივს, ლაზერულ თავდაცვით სისტემასაც იყენებს. ამის პარალელურად საინტერესოა ის ტექნოლოგია, რომელსაც ღაზაში ტერორისტები რაკეტების დასამზადებლად იყენებენ. პოდკასტში ვსაუბრობთ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე — განვიხილავთ იმას თუ რა სამხედრო ტექნოლოგიას იყენებენ მხარეები. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების სპეციალისტი.
Wed, 25 Oct 2023 - 1h 00min - 86 - ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა
ჩვენამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენ (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის ვართ, მაგრამ აქამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა. მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება. და მაინც, რას ნიშნავს ეს? როგორ გაჩნდა ჰომო საპიენსი და ვინ იყო ჩვენამდე? შემდეგი პოდკასტის 85-ე ეპიზოდში სწორედ ამ საკითხის გარკვევას შევეცდებით. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.
Sun, 08 Oct 2023 - 1h 53min - 85 - ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი
სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება. ფიზიკოსების თქმით, სამყაროს ცვალებადობაც ენტროპიაა. და მაინც, რა არის ენტროპია? ამ ყველაფრის გარკვევაში შემდეგი პოდკასტის 84-ე ეპიზოდში ვეცდებით. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.
Thu, 05 Oct 2023 - 1h 33min - 84 - რა არის სიცოცხლე — შეგვიძლია თუ არა მისი გახანგრძლივება
სიცოცხლე და სიკვდილი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ბიოლოგიაში ეს ორი ერთმანეთს ავსებს. შესაბამისად, სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . . თუმცა, დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც. სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება და მნიშვნელოვანი წინასვლაც გვაქვს. და მაინც, იმისთვის, რომ რაღაცა დავამარცხოთ, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზები ზუსტად ვიცოდეთ. შემდეგი პოდკასტის 83-ე ეპიზოდში სიცოცხლეზე, სიბერეზე, ევოლუციასა და უკვდავებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ცოტნე ჯავახიშვილი, ბიოლოგი, რომელიც დღეს აშშ-ში მოღვაწეობს.
Thu, 31 Aug 2023 - 1h 31min - 83 - 46 000 წლის გაყინული ჭიები გააცოცხლეს — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში
მეცნიერებმა ციმბირის მზრალ ქანებში არსებული, 46 000 წლის განმავლობაში მიძინებული ნემატოდები გააცოცხლეს. ჭიები იმდენად გამძლე არიან, რომ მკაცრ პირობებშიც კი სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებენ. ეს კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ხდება. რაც მნიშვნელოვანია, კვლევას ქართველი მეცნიერი, მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი, თეიმურაზ კურცხალია ხელმძღვანელობდა. შემდეგი პოდკასტის 82-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარი თეიმურაზ კურცხალიაა. ვსაუბრობთ კრიპტობიოზზე, ისტორიულ კვლევასა და მის პოტენციალზე.
Sun, 27 Aug 2023 - 1h 05min - 82 - ჯეიმს ვები 1 წლისაა — ტელესკოპის მთავარი აღმოჩენები და მიღწევები
1 წლის წინ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდა. ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა. ვებმა შეისწავლა, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკები, ისე უშუალოდ ჩვენი მზის სისტემაც. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც მეცნიერები ამბობენ, აისბერგის მწვერვალი. წინ უამრავი აღმოჩენა და გასაოცარი სიახლეა. შემდეგი პოდკასტის 81-ე ეპიზოდში ტელესკოპის პირველ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ. ვსაუბრობთ ტელესკოპის ყველაზე საინტერესო აღმოჩენებსა და სურათებზე. ჩვენი სტუმარია მიხეილ ჭაბუკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო ჟურნალისტი.
Wed, 26 Jul 2023 - 1h 24min - 81 - დნმ — მონაცემთა ბუნებრივი და სინთეზური ბაზა
ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს ყველაფერი ხდება მიკროსკოპულ დონეზე. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს. ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება — მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ-ში შენახვის. შემდეგი პოდკასტის 80-ე ეპიზოდში დნმ-ზე და მასზე როგორც ტექნოლოგიურ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გვანცა ბრაჭველი, ბიოლოგი და ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი.
Tue, 18 Jul 2023 - 49min - 80 - ნეიტრინოების ემისიის აღმოჩენა — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში
ისტორიაში პირველად, ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინოს ემისია დააფიქსირეს. ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია. კვლევის შედეგად ირმის ნახტომის ე.წ. ნეიტრინო რუკაც შეიქმნა. ამ ყველაფერში კი ქართველი მეცნიერი — გიორგი ჯაფარიძეც მონაწილეობდა. შემდეგი პოდკასტის 79-ე ეპიზოდში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. პოდკასტში გიორგი ჯაფარიძე გვიყვება კვლევის მნიშვნელობასა და დეტალებზე.
Tue, 11 Jul 2023 - 1h 11min - 79 - კახოვკის ჰესი — რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა
6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკას ჰესი დააზიანეს. ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩა, დაინგრა სახლები და დაიტბორა მიწები. ექსპერტებმა მოვლენას ეკოციდი უკვე უწოდეს. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჰესის აფეთქებამ საბოლოოდ შავ ზღვაზეც უარყოფითად იმოქმედა. ჩნდება შეკითხვები, რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა ახლა და როგორი იქნება ის მომავალში. ეს შეკითხვა აქტუალურია საქართველოშიც. შემდეგი პოდკასტის 78-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" წარმომადგენელი და ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორი, კახა არცივაძე.
Sun, 25 Jun 2023 - 45min - 78 - შემდეგი პოდკასტი: TikTok — აიკრძალება თუ არა სოციალური ქსელი
ტიკტოკმა რეკორდულ დროში მოახერხა მსოფლიოს დაპყრობა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ბევრს ის ყველაზე პერსპექტიულ პლატფორმად მიაჩნია. თუმცა, წარმატების პარალელურად ტიკტოკი შეკითხვებს აჩენს. შეკითხვები განსაკუთრებით უსაფრთოხებასთან არის დაკავშირებული. აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა სურთ. სენატში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც კი დაკითხეს. და მაინც, რატომ შეიძლება აიკრძალოს ტიკტოკი და რა არის ის საკითხები რაც ტიკტოკის მიმართ შეკითხვებს აჩენს? შემდეგი პოდკასტის 78-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია Next.on.ge-ის ტექნოლოგიური ჟურნალისტი, თორნიკე კიკნაძე.
Fri, 02 Jun 2023 - 1h 15min - 77 - გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო
გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები. გრავიტაციული ტალღების არსებობა პირველად ფარდობითობის თეორიამ იწინასწარმეტყველა. უკვე 2015 წელს, ასი წლის თავზე, მათი პირველად დაფიქსირება მოხდა. გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს აღქმის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია-ბნელი მატერია და რაც მთავარია, რა ხდებოდა სამყაროს გაჩენის მომენტში. შემდეგი პოდკასტის 77-ე ეპიზოდში გრავიტაციულ ტალღებზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება მეცნიერებისა და ჩვენი ცივლიზაციის მომავალი — რისი აღქმა შეგვეძლება. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.
Sat, 20 May 2023 - 1h 51min - 76 - იუპიტერი — მზის სისტემის გიგანტი
იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება — გიგანტი მასით მზის სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს 2.5-ჯერ აღემატება. იუპიტერს შეუმდგარ ვარსკვლავსაც ეძახიან. პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით ასია. რაც მთავარია, თანამგზავრებზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს. ეს კი იუპიტერის მიმართ ინტერესს აასმაგებს. შესაბამისად, იუპიტერისა და მისი მთვარეების შემსწავლელი მისიები დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. შემდეგი პოდკასტის 76-ე ეპიზოდში იუპიტერზე, მის მთვარეებსა და შესაბამის კოსმოსურ მისიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
Sun, 07 May 2023 - 1h 20min - 75 - GPT-4 — განახლებული მოდელის შესაძლებლობები და გამოწვევები
Open AI-ის ჩეთბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ ჩეთბოტმა ყველა რეკორდი მოხსნა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს უამრავი რამ შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14 მარტს ჩეთოტის შემქმნელებმა ახალი ვერსია — GPT-4 წარადგინეს. განახლებული ვერსია ბევრად მძლავრია და რაც მთავარია, კიდევ უფრო მულტიფუნქციურია. ის თუ რა შეუძლია მას და რას უნდა ველოდოთ, ამაზე შემდეგი პოდკასტის 75-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია დეველოპერი და კომპიუტერული ინჟინერი თემურ ჩიჩუა.
Wed, 26 Apr 2023 - 52min - 74 - თერმობირთვლი სინთეზი — როგორ მიიღეს სუფთა ენერგია ხელოვნური მზისგან
13 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის მხრივ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწიეს. თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავების გულებში. ასეთ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთ უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. ეს არ გამოყოფს სათბურის აირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პოტენციურად სუფთა ენერგიის წყაროს. ასეთი სინთეზი არის ენერგიის დომინანტური წყარო სამყაროში ვარსკვლავებისთვის. ის ასევე არის ენერგიის პოტენციური წყარო დედამიწაზე. თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, როგორ მიიღონ მეტი ენერგია რეაქციისგან ეს სრულიად რევოლუციური იქნება. პოდკასტში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ და ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი პოტენციალი აქვს თერმობირთვულ სინთეზს. შემდეგი პოდკასტის 74-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.
Thu, 29 Dec 2022 - 37min - 73 - ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, ბოლო რამდენიმე დღეში მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ 5 დღეში ჩეთბოტს უკვე რამდენიმე მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე შეუძლია. და მაინც, რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება? — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. შემდეგი პოდკასტის 73-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია დეველოპერი თემურ ჩიჩუა.
Wed, 21 Dec 2022 - 59min - 72 - სახეობების გადაშენება — პოპულაციებში მიმდინარე პროცესები
გასულ საუკუნეში ცხოველთა ასობით უნიკალური სახეობა სამუდამოდ გადაშენდა. მეცნიერების დაკვირვებით, დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე მასობრივი გადაშენების პროცესი ჩქარდება. მეტიც, ამჯერად ასობით მეტი სახეობის სამუდამოდ გაქრობას შეიძლება, სულ რამდენიმე ათწლეული წელი დასჭირდეს. რა როლი გვაქვს ამ პროცესებში ჩვენ, რამდენად იცლება ეკოსისტემა და როგორ აისახება ეს ყველაფერი პოპულაციებში მიმდინარე პროცესებზე — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. შემდეგი პოდკასტის 72-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ბიოგეოგრაფი ლუკა ქოქიაშვილი.
Wed, 30 Nov 2022 - 1h 12min - 71 - გამომგონებლობა — მომავლის პროფესია
გამოგონება კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი იარაღია და მასზე ჩვენი პროგრესია დამოკიდებული. დროსთან ერთად გამოგონებების როლი სულ უფრო დიდია და მისი საჭიროებაც იზრდება. დღეს გამომგონებლობა მომავლის პროფესიაც შეიძლება იყოს და საკმაოდ პერსპექტიულიც. შემდეგი პოდკასტის 71-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ გამომგონებლობაზე და იმაზე თუ რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში. ჩვენი სტუმარია მიხეილ კოტიშაძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და საგამომგონებლო ცენტრის დამფუძნებელი.
Fri, 25 Nov 2022 - 45min - 70 - ვარსკვლავები — სამყაროს ევოლუცია
ვარსკვლავი პლაზმის მასიური კაშკაშა სფეროა, რომელიც თავისივე გრავიტაციითაა შეკავებული. ჩვენთვის უახლოესი ვარსკვლავი მზეა, თუმცა მარტო ირმის ნახტომის გალაქტიკაში ასეთი ციური სხეული მილიარდობითაა. სწორედ მათ ფორმირებასა და განვითარებაზეა ძირითადად დამოკიდებული როგორც სიცოცხლის ისე ზოგადად სამყაროს ევოლუცია. შემდეგი პოდკასტის 70-ე ეპიზოდში სწორედ ვარსკვლავებზე და კოსმოსის ევოლუციაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ერეკლე არშილავა.
Tue, 22 Nov 2022 - 59min - 69 - არამიწიერი სიცოცხლე — მარტონი ვართ თუ არა სამყაროში
შემდეგი პოდკასტის 69-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ არამიწიერ სიცოცხლეზე. განვიხილავთ იმას თუ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის. ჩვენი სტუმარია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.
Wed, 09 Nov 2022 - 54min - 68 - ასტეროიდები და კომეტები — პლანეტარული თავდაცვის სისტემა
27 სექტემბერს, ისტორიული მისია შედგა — NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ეს მოვლენა პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდას ემსახურებოდა, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ოდესმე დედამიწისკენ მომავალ უზარმაზარ ასტრონომიულ სხეულს შევნიშნავთ. შეჯახებიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ მიზანი მიღწეულია — დიმორფოსის ორბიტა შეიცვალა. კაცობრიობა ასტეროიდის მოძრაობაში ხელოვნურად ჩაერია და წარმატებასაც მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ პირველად კაცობრიობას პლანეტარული თავდაცვის სისტემა აქვს! პოდკასტში სწორედ ამ მისია — DART-ზე ვსაუბრობთ. ამასთან, განვიხილავთ ზოგადად ასტეროიდებისა და კომეტების ფენომენს. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი დათო ალხანაშვილი.
Wed, 19 Oct 2022 - 59min - 67 - აპოლოდან არტემისამდე — მთვარის მისიები
1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის გაგზავნის გეგმის შესახებ ჯერ კიდევ 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა. დღეს ადამიანი მთვარეზე ბრუნდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ამბიციური გეგმებით. არტემისის მისიების ფარგლებში ჩვენ დედამიწის თანამგზავრზე ბაზის შექმნას და იქ გრძელვადიანი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ. რაც მთავარია, მთვარეზე ბაზა ერთგვარი სამზადისია კიდევ უფრო მასშტაბური მისიისთვის — მარსისი კოლონიზაციისთვის. Artemis 1-ის გაშვება ოქტომბერშია დაგეგმილი. პირველი გაფრენა ადამიანს მთვარეზე არ წაიყვანს, თუმცა შემდეგი მისიები სწორედ ამ გეგმას მოიცავენ. პოდკასტში აპოლოსა და არტემისის მისიებზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ მთვარეზე ადამიანის დაჯდომისა და ბაზის შექმნის პერსპექტივას. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
Thu, 29 Sep 2022 - 1h 06min - 66 - სამეცნიერო ფანტასტიკა — მეცნიერება და ტექნოლოგიები ფანტასტიკაში
სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის, კინოსა და სხვა განხრების ის ჟანრია, რომელიც მნიშვნელოვნად სწორედ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ამ ჟანრში გვხვდება მომავლის სამყაროები, მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები, პარანორმალური შესაძლებლობები და ყველაფერი ის რაც მომავალში შეიძლება რეალობად იქცეს. ფანტასტებს ხშირად განუსაზღვრავთ მომავალი და მეცნიერული თუ ტექნოლოგიური პროგრესი. ეს ის ჟანრია, რომელიც ხშირად როგორც თავად მოქმედი მეცნიერებისთვის, ისე მომავალი მეცნიერებისთვის ინსპირაციის წყარო ხდება ხოლმე. პოდკასტში სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ როგორც ჟანრის დაბადების ისტორიას, ისე მისი განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენი სტუმარია ბექა მოდრეკილაძე ფიზიკოსი და ფანტასტი.
Thu, 01 Sep 2022 - 1h 41min - 65 - ინტერვიუ გია დვალთან — კვანტური ფიზიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება...
პოდკასტში შეგიძლიათ მოუსმინოთ ინტერვიუს ცნობილ ფიზიკოსთან გია დვალთან. ინტერვიუ ჩაიწერა ბათუმში ვიდეოს სახით და ახლა თქვენ აუდიო ფორმატის მოსმენის საშუალებაც გაქვთ. ინტერვიუში გია დვალი Next.on.ge-ის რედაქტორთან ერთად საუბრობს ისეთ თემებზე როგორიცაა კვანტური მექანიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, კლასიკური ფიზიკა, პოსტჰუმანიზმი, ფუტურიზმი, სამეცნიერო ფანტასტიკა და სხვა.
Mon, 29 Aug 2022 - 1h 23min - 64 - კვანტური მექანიკა — განუზღვრელი მიკრო სამყარო
კვანტური მექანიკა მიკრონაწილაკების (ელემენტარული ნაწილაკების: ატომების, ელექტრონების კვარკების და ა.შ.) და მისი სისტემების აღწერის კანონებს შეისწავლის. კვანტური მექანიკის კანონები მატერიის აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ კანონებით იხსნება ატომების და ატომბირთვების აგებულება, ქიმიური ბმის ბუნება და რაც მთავარია ხსნის იმას, რისგანაც მთლიანად მატერიალური სამყარო შედგება. თუმცა, კვანტურ მასშტაბებზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს "ჩვენთან" მაკრო სამყაროში. კვანტურ მექანიკაში გვაქვს ნაწილაკების განუზღვრელობა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ ნაწილაკს ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ყოფნა შეუძლია. მისი დაფიქსირება შეიძლება დამზარაზე იყოს დამოკიდებული. მეტიც, კვანტური მექანიკის მახასიათებლებს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიაში ვიყენებთ, ექსპერტების თქმით, მომავალი კვანტურია და კონკრეტულ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ფიზიკოსი მიხო ციციშვილი.
Tue, 02 Aug 2022 - 1h 12min - 63 - ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ
კაცობრიობას ახალი თვალი აქვს და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია! ვები 25 დეკემბერს გაეშვა და ის 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ტელესკოპი ორბიტაზე განთავსდა, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. მისი შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს. და აი ისიც, სულ ცოტა ხნის წინ, 12 ივლისს ჩვენ ყველამ ვების პირველი სამეცნიერო ფოტოები ვიხილეთ. მას შემდეგ კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე რეკორდები მოხსნა, მეტიც, ის ახლა თავის რეკორდებსაც ხსნის. პოდკასტში ვების მიღწევებზე ვსაუბრობთ, მის პირველ ფოტოებზე და იმაზე თუ რა დავინახეთ. პოდკასტის სტუმრები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლისა და Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტები მიხეილ ჭაბუკაშვილი და ნინო გიორგობიანი.
Fri, 29 Jul 2022 - 59min - 62 - კიბორგობა თუ ადამიანობა — როგორი იქნება მომავალი
პოსტჰუმანისტებსა და ტრანჰუმანისტებს მიაჩნიათ, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში არ უნდა იყოს. დღეს ადამიანი უკვე იცვლება და ამაში დიდი როლი სწორედ ტექნოლოგიებს აქვთ. იმპლანტები, გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი — ეს ყველაფერი ადამიანის ფიზიკურად შეცვლას წინასწარმეტყველებს. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის. ჩვენი სასაუბრო თემაც სწორედ ეს არის, ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი — ჰომო საპიენსების მომავალი, იქნება ის კიბორგული თუ ადამიანური. ამ ყველაფრის გარკვევას მწერალ, მუსიკოს და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილ ჰომო საპიენსთან, ზურა ჯიშჯარიანთან ერთად შევეცდებით.
Thu, 30 Jun 2022 - 1h 13min - 61 - ტრანსპორტის მომავალი — მფრინავი და თვითმართვადი მანქანები
ტრანსპორტი ჩვენთვის გადაადგილების საშუალებაა. ამ მხრივ ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა კომფორტის შექმნას, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლის გამარტივებას და რაც მთავარია, გადაადგილების დაჩქარებას. დღეს გვყავს მანქანები, თვითმფრინავები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული ავტომობილები, მფრინავი მანქანები და თვითმართვადი მოწყობილობები. მომავალში მძღოლის პროცესია შეიძლება ისევე გაქრეს, როგორც 20-ე საუკუნეში სხვა უამრავი საქმიანობა. პოდკასტში ვსაუბრობთ ტრანსპორტზე და მის მომავალზე. განვიხილავთ იმას თუ როგორი იქნება მომავალში გადაადგილების საშუალებები. ჩვენი სტუმარია ზვიად სულაბერიძე, ინჟინერი და თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
Wed, 22 Jun 2022 - 1h 36min - 60 - მზის სისტემა — როგორ გაჩნდა დედამიწა
მზის სისტემა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან შედგება. ამ სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლისგან მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზეზე მოდის. ჩვენი პლანეტა დედამიწა მზის გარშემო მბრუნავი ერთ-ერთი პლანეტაა. ერთი შეხედვით ეს სისტემა იდეალურად მუშაობს, მაგრამ როგორ გაჩნდა ის, როგორი იყო მზე და პლანეტები თავის პირველ წლებში, რა ფუნქცია აქვთ პლანეტების თანამგზავრებს (მთვარეებს) და რა არის მზის სისტემის მომავალი. პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ხომერიკი.
Fri, 03 Jun 2022 - 1h 15min - 59 - რობოტიკა და ავტომატიზაცია — როგორი იქნება მომავალი
რობოტიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ავტომატიზაცია. რუტინულ სამუშაოებში ადამიანს მანქანები ანაცვლებს, რითაც ჩქარდება განვითარება და წარმოება. ავტომატიზაცია მოიცავს ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, სადაც ადამიანების ფიზიკური ჩართულობა სულ უფრო მცირდება და ეს რობოტიკაზე დამოკიდებული ხდება. პროგრესის პარალელურად ჩნდება შეკითხვები სადამდე გაგრძელდება ავტომატიზაცია და როგორი იქნება მომავლის პროფესიები. პოდკასტის 59-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ რობოტიკასა და ავტომატიზაციაზე — მიმოვიხილავთ პერსპექტივებს და შევეცდებით გავიგოთ თუ როგორი იქნება მომავალი. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.
Tue, 31 May 2022 - 1h 11min - 58 - დიდი ადრონული კოლაიდერი — კაცობრიობის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი
დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკების ამაჩქარებელია. ის 2008 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაცობრიობას უდიდესი აღმოჩენები მოუტანა. LHC შედგება ზეგამტარი მაგნიტების რგოლისგან და აქვს მრავალი მოწყობილობა. კოლაიდერი ცენრნში, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ჟენევასთანაა ახლოს და ის მიწისქვეშ 27 კილომეტრზეა გადაჭიმული. კოლაიდერი მუდმივად ახლდება, ის ახლაც მოდიფიკაციას გადიოდა და 3 წლიანი შესვენების შემდეგ, მეცნიერები ახალი ექსპერიმენტებით შეეცდებიან გაიგონ თუ რა არის ბნელი მატერია, როგორია ნაწილაკების როლი და რაც მთავარია, რატომ გაჩნდა სამყარო. პოდკასტსში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია შოთა ცისკარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორი.
Thu, 26 May 2022 - 1h 01min - 57 - ადრეული ადამიანები დმანისში — ბრძოლა გადარჩენისთვის
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩვენამდე — ჰომო საპიენსამდე, იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები და სხვა. არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ. პოდკასტის 56-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ დმანისში მცხოვრებ ადრეულ ადამიანებზე და იმაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ჩვენი სტუმარია ანა მარგველაშვილი, მკვლევარი და პალეოანთროპოლოგი.
Sat, 30 Apr 2022 - 1h 05min - 56 - ომის ევოლუცია — სამხედრო ტექნოლოგია
პირველი პრიმიტიული "სასროლი იარაღი", იგივე ატლატლი 30 000 წელზე მეტით ხნით თარიღდება და მშვილდის წინაპრად ითვლება. უშუალოდ ომისთვის სპეციალიზებული ტექნოლოგიის ყველაზე ადრეული მტკიცებულება კი იერიხონის ქვის კედლებია, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინ არის აგებული. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიარაღებაც ვითარდებოდა და ის სულ უფრო ლეტალური ხდებოდა. უკვე დღეს ადამიანებს ისეთი იარაღი გვაქვს რის გამოყენებასაც პლანეტაზე სიცოცხლის დასრულებაც კი შეუძლია. ამის პარალელურად ჩნდება ფრონტის ახალი ხაზები, ისეთი როგორიც კიბერუსაფრთხოება და ჰაკერული ომია. პოდკასტში ვსაუბრობთ ომის ევოლუციაზე და იმაზე თუ როგორ იცვლებოდა ის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების ხელმძღვანელი.
Tue, 26 Apr 2022 - 1h 21min - 55 - ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი
ლაბორატორიული ხორცი, როგორც სიტყვა გვეუბნება ლაბორატორიაში წარმოებული საკვებია, რომელიც ქსოვილის მცირე ნიმუშის დამუშავებით იზრდება. უჯრედები, რომლებსაც ლაბორატორიებში ზრდიან, ზუსტად ისეთივეა, როგორც მაგალითად ძროხის კუნთოვან სისტემაში. უჯრედებს ჯანმრთელი ცხოველისგან იღებენ (ცხოველი პროცესში არ კვდება) და მას საჭირო ნივთიერებებით კვებავენ, მანამ სანამ გაყოფასა და ზრდას არ დაიწყებენ. ამ პროცესს, დაახლოებით, 3 კვირა სჭირდება. ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცი, ტრადიციული გზით მიღებულთან შედარებით, 80%-ით ნაკლებ სათბურის აირებს გამოსცემს, 99%-ით ნაკლებ მიწას იკავებს და 96%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს. პროდუქტის მიღების პროცესი 20-ჯერ უფრო სწრაფია და იმაზე იაფია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ, როგორი იქნება საკვების მომავალი. ჩვენი სტუმარია Next.On.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი ანანო მჭედლიშვილი.
Thu, 21 Apr 2022 - 55min - 54 - ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება. ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ის არსებობს, რადგან ამით იხსნება შესამჩნევი გრავიტაციული ეფექტი გალაქტიკებსა და გალაქტიკათგროვებზე. ბნელი ენერგია კიდევ უფრო შეუცნობელია. ის ბნელი მატერიის საპირისპიროდ აღიქმება და სამყაროს გაფართოების აჩქარებასთანაა დაკავშირებული. პოდკასტში ბნელ მეტერიასა და ბნელ ენერგიაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას თუ რა არის სამყაროს უხილავი 95% და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას სამყაროზე, ან გინდაც ჩვენზე — 5%-ზე. პოდკასტის სტუმარია Carnegie Mellon-ისა და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი თინათინ კახნიაშვილი.
Tue, 05 Apr 2022 - 1h 07min - 53 - ტრანზისტორების ისტორია — მურის კანონის დასასრული
ტრანზისტორის გამოგონების შემდეგ, მათი რაოდენობა, სტაბილურად იზრდება, რამაც ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოთვლითი სიმძლავრის ექსპონენციალური ზრდა გამოიწვია. თუმცა, არსებობს გამოწვევა და ეს ტრანზისტორების ზომაში დაპატარავებაა. 2022 წლის მურის კანონის პრობლემაც ესაა, ტრანზისტორის ზომა ახლა უკვე იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ მათი დაპატარავება აღარ შეგვიძლია — ეს კი ტექნოლოგიების პროგრესს საფრთხე უქმნის. პოდკასტში ტრანზისტორებზე და მურის კანონის დასასრულზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა იქნება ტრანზისტორების ეპოქის შემდეგ. ჩვენი სტუმარია დავით ჩეჩელაშვილი, ანტერპრენიორი, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარებაზე მუშაობს.
Thu, 31 Mar 2022 - 1h 02min - 52 - კიბერუსაფრთხოება ომისას — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი
სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების უმეტესობა კომპიუტერებში ინახება. ციფრულ სისტემებშია თავმოყრილი ბანკების, ტრანსპორტის, სატელიტების, საკომუნიკაციო არხებისა თუ მედიის მართვის სადავეებიც. შესაბამისად, მათი სამიზნეში ამოღებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაა შესაძლებელი. დღეს ფრონტის ხაზი ციფრულ სამყაროზეც გადის. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა დაიწყო უკრაინული ვებსაიტების წინააღმდეგ შეტევა. თავდასხმები მიზნად ისახავდა უკრაინის საბანკო და თავდაცვის ვებგვერდებს დაბლოკვას. ამის პარალელურად, უკრაინულმა მხარემ კიბერსივრცეში გამოიყენა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულია სოციალური მედიისა და ტელეგრამის არხებით. აღსანიშნავია მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება ანონიმუსიც, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კიბერუსაფრთხოება და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას ომში. ჩვენი სტუმარია ნინო გამისონია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.
Tue, 29 Mar 2022 - 1h 19min - 51 - მედია და ტექნოლოგიები — საინფორმაციო ომი
მედია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებების ერთობლიობაა. ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების ეპოქაში მისი ძალა იმაზე დიდია ვიდრე ეს ოდესმე. დღეს მედია პირდაპირ დაკავშირებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან და შესაბამისად გარდაიქმნება. სწორედ ეს განსაზღვრავს ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეს — მტრედებიდან ინტერნეტამდე. ამის ფონზე სულ უფრო მეტი ძალა ცდილობს მედიით მანიპულირებას და ინფორმაციის თავის სასარგებლოდ წარმოჩინებას. ამის მაგალითია რუსეთის მიერ სამთავრობო მედიის გამოყენება და ამით აგრესიის გამართლების მცდელობა. პოდკასტში ვსაუბრობთ მედიისა და ტექნოლოგიების კავშირზე. ამასთან, ვმსჯელობთ საინფორმაციო ომზე და იმაზე თუ როგორ იყენებენ მას სხვადასხვა ძალები (რუსეთი) ისეთ ფართო მასშტაბიან კონფლიქტში როგორიც რუსეთ უკრაინის ომია. ჩვენთან ერთად არის ჟურნალისტი და მედიაჩეკერის რედაქტორი გიორგი გოგუა.
Mon, 28 Feb 2022 - 1h 29min - 50 - სოციალური ქსელები — წარსული, აწმყო და მომავალი
ციფრული სამყაროს გამოჩენასთან ერთად სოციალური ქსელების განვითარება მოხდა და დღეს მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობისა და ლოიალურობის მხრივ გადამწყვეტი როლი აქვს. სოციალური ქსელები ეს ის სივრცეა, სადაც კონტენტს ძირითადად თავად მომხმარებლები ქმნიან, მაგრამ ამ პროცესებს უმძლავრესი ალგორითმები აკვირდებიან. . . პოდკასტში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდის გამოჩნდა პირველი სოციალური ქსელები, რა ხდება დღეს და რაც მთავარია, რა იქნება შემდეგი — როგორი იქნება სოციალური ქსელების მომავალი? ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და On.ge-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი დოდი ხარხელი.
Tue, 22 Feb 2022 - 1h 22min - 49 - დამატებითი განზომილებები — როგორია სამყარო
ფიზიკაში დამატებითი განზომილებები შემოთავაზებულია სამი სივრცითი და ერთი დროითი განზომილებების მიღმა (3 + 1). მეცნიერებაში დამატებითი განზომილებების შესწავლის პირველი მცდელობები დაფუძნებულია კალუზა-კლეინის თეორიაზე. დღეს უკვე სხვადასხვა სამეცნიერო თეორია მიგვანიშნებს, რომ სამყაროში შეიძლება იყოს ბევრად მეტი განზომილება ვიდრე ამას ჩვენ აღვიქვამთ. დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ იმ დამატებით განზომილებებზე, რომლებიც სცდება ჩვენს გამოცდილებასა და ყოველდღიურობას. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის ფიზიკოსი და Carnegie Mellon University-ის მკვლევარი ბექა მოდრეკილაძე.
Fri, 04 Feb 2022 - 1h 26min - 48 - სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში — საინვესტიციო შესაძლებლობები
პოდკასტში ვსაუბრობთ სტარტაპ ეკოსისტემაზე საქართველოში — ის თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან, როგორ ვითარდება ეს სფერო და რა პერსპექტივები აქვს მას. ასევე, ვმსჯელობთ საინვესტიციო კლიმატზე — როგორ შეიძლება სტარტაპებმა მიიღონ დაფინანსება საქართველოში. და რაც მთავარია, როგორ უნდა დავაფუძნოთ სტარტაპი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის დავით ჩიხლაძე, საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Investo-ს დამფუძნებელი.
Mon, 31 Jan 2022 - 47min - 47 - დიზაინ სისტემა — კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა
დიზაინ სისტემა კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა და ხშირად გამოყენებადი ელემენტების ნაკრებია. ეს მოიცავს როგორც ზოგადად დიზაინს, ისე დეველოპმენტს. ინოვაციური სისტემა საერთო ბიბლიოთეკაა, ერთგვარი ბრენდბუქი, რომელიც ერთ სტანდარტშია მოქცეული, რაც კომპანიას ციფრული არხების საერთო კონცეფციის გარშემო გაერთიანების საშუალებას აძლევს. დიზაინ სისტემაში ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა სხვადსხვა ციფრული არხების გასანვითარებლად ერთ ცენტრალურ სისტემაზეა მოქცეული. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ ინოვაციურ სისტემაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია თემურ მინდიაშვილი, საქართველოს ბანკის UX დიზაინ სამსახურის უფროსი.
Mon, 31 Jan 2022 - 39min - 46 - წლის შეჯამება — რა შეცვალა 2021-მა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში
2021, მიუხედავად პანდემიისა და უამრავი სხვა გამოწვევებისა, მეცნიერებისთვის საკმაოდ საინტერესო და კარგი წელი გამოდგა. სწორედ პანდემია არის ფაქტორი, რომელმაც მეცნიერების განვითარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, კვლევები და ზოგადად მეცნიერების პროგრესი არ შენელებულა და რაღაც ასპექტში, დაჩქარდა კიდევაც. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2021-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სიახლეებს.
Mon, 10 Jan 2022 - 1h 30min - 45 - ჩიპების იმპალნტაცია და ბიოჰაკინგი — როგორი იქნება მომავალი
დღეს უკვე ათასობით ადამიანი ატარებს სხეულით მიკროჩიპს და ელექტრონულ გადამცემს. ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო დანიშნულების მხრივ, ისე უბრალოდ ყოველდღიურობის გასამარტივებლად. სამედიცინო დანიშნულების გარდა, მსგავს მოწყობილობებს საკრედიტო ბარათების, სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეთავსება შეუძლიათ. ბევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, არის სპეკულაციებიც, მაგრამ როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, მსგავს ტექნოლოგიებში არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ არის. ეს ტექნოლოგიები უკვე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით შვედეთში. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. როგორია მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკული დანიშნულება და რა იქნება მათი მომავალი, ამაზე პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ლაშა გეწაძე, ინჟინერი და Fablab-ის მენეჯერი.
Wed, 29 Dec 2021 - 1h 08min - 44 - ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი
სულ მალე კაცობრიობას ახალი თვალი ექნება და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია. ტელესკოპი ამ თვეში — 25 დეკემბერს გაეშვება და ის 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება დედამიწიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს. პოდკასტში სწორედ ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია მიხეილ ჭაბუკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო ჟურნალისტი. შენიშვნა: პოდკასტის ჩაწერის მომენტში გაფრენა 24 დეკემბერს იყო ჩანიშნული. მას შემდეგ კი ის გადაიდო და 25 დეკემბერს ჩაინიშნა.
Thu, 23 Dec 2021 - 1h 01min - 43 - შემდეგი პოდკასტი: ევოლუცია — სიცოცხლის გვერდითი ეფექტი
ევოლუცია მომდევნო თაობებში ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობაა — ეს მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. სწორედ ევოლუციამ წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით. მეცნიერები ზოგჯერ ევოლუციას სიცოცხლის გვერდით ეფექტსაც ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლე მსგავსი პროცესების გარეშე წარმოუდგენელია. პოდკასტში სწორედ ევოლუციაზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ რა არის ის და როგორია მასთან ერთად "თანაცხოვრება" და რამდენად შევძლებთ მის კონტროლს. ჩვენი სტუმარია ბიოინჟინერი, თეიმურაზ გოჩიტაშვილი.
Tue, 30 Nov 2021 - 1h 38min - 42 - DataFest Tbilisi — 5 წელი მონაცემთა სამყაროში
DataFest Tbilisi არის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აერთიანებს უამრავ საინტერესო ადამიანს, როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან. ღონისძიებაზე სასაუბრო თემებია ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, სტარტაპ ინდუსტრია და რაც მთავარია მონაცემები — როგორც მას ეძახიან ციფრული სამყაროს ნავთობი. ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ ტარდება და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მონაცემების ფესტივალი. პოდკასტში სწორედ Data Fest-ზე ვსაუბრობთ, მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ფესტივალის ისტორიას, ისე მის განვითარებას, აწმყოს და რაც მთავარია პერსპექტივებს. ჩვენი სტუმრები არიან ნინო მაჭარაშვილი და თეონა თომაშვილი Data Fest-ის საორგანიზაციო გუნდის წევრები.
Sat, 27 Nov 2021 - 1h 11min - 41 - მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
28 ოქტომებრს გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. (იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს იგივე ერქმევა). ერთი შეხედვით გაუგებარი ცვლილება პირდაპირ დაკავშირებულია მეტავერსთან. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან. საუბარია ისეთ ვირტუალურ რეალობაზე, სადაც ადამიანები შეძლებენ თამაშს, კონცერტზე დასწრებას, შოპინგს, ბიზნესის კეთებას და თითქმის ყველაფერს (თუ მეტს არა) რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვაკეთებთ. ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ. პოდკასტში სწორედ მეტავერსზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება ის და რა იქნება ინტერნეტის მომავალი. პოდკასტის სტუმარია ლადო მალაზონია, JWT Metro-ს სტრატეგიის ხელმძღვანელი.
Wed, 10 Nov 2021 - 1h 33min - 40 - ბიოარტი — მომავლის ხელოვნება
ბიოარტი ხელოვნების ახალი მიმდინარეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია არსებობს. ბიოარტის ფუნდამენტური განმასხვავებელი შემდეგია — ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ცოცხალი. ის იბადება, იზრდება და კვდება — როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი. ბიოარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში. ხელოვნების ეს მიმდინარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან: ბიოლოგიასთან, გენურინჟინერიასთან, პროგრამირებასთან და სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან. ეს ხელოვნება ძირითადად მზადდება ლაბორატორიებში, მას ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავლის ხელოვნება. პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი — ზურა ჯიშჯარიანია.
Sun, 31 Oct 2021 - 1h 21min - 39 - FACEBOOK — პრობლემები, უსაფრთხოება და ამბიციები
ფეისბუქი 2004 წელს დაფუძნდა, დღეს სოციალური მედიის გიგანტს 3 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს და ის ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა, წარმატებებთან ერთად არსებობს პრობლემები. 4 ოქტომბერს ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp გლობალურად გაითიშა. ამასთან, არსებობს უსაფრთხოების პრობლემები — ჩნდება შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა ფეისბუქი და რამდენად დაცულია იქ ჩვენი ინფორმაცია?! პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ როგორც სოციალური სოციალური მედიის ამბიციებს, ისე პრობლემებსა და უსაფრთხოების ფაქტორებს. ჩვენი სტუმარი გიორგი იაშვილია, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
Mon, 25 Oct 2021 - 1h 32min - 38 - ტვინი და ვიდეოთამაშები — რა იცვლება
პირველ ვიდეოთამაშად ითლება 1940 წელს შექმნილი თამაში სახელად მიმატრონი. ეს უზარმაზარი მანქანა იყო, რომელიც სათამაშო აპარატს ჰგავდა და მოთამაშეს სთავაზობდა კომპიუტერთან ერთად ნათურის ჩაქრობას. დღეს ვიდეოთამაშების ინდუსტრია 160 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება. როგორც კვლევები და ტვინზე დაკვირვებები აჩვენებს, ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში, თავსატეხების ამოხსნასა და მოტორიკაში აქტიურად ავარჯიშებს. ამის ფონზე არ წყდება მითები, თუ საფუძვლიანი ეჭვები, რის მიხედვითაც ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს აზიანებს. პოდკასტში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით, ვისაუბრებთ ვიდეოთამაშებზე, ტვინზე და იმაზე თუ როგორ ცვლის ეს ორი ერთმანეთს. ამაში კი ჩვენი დღევანდელი სტუმარი გოჩა გოლუბიანი დაგვეხმარება — ბიოლოგი და ვიდეოთამაშების დიდი ენთუზიასტი.
Mon, 18 Oct 2021 - 1h 34min - 37 - გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება. კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, ბუნებრივი ფაქტორების გარდა ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული გლობალური დათბობის დომინანტური ფაქტორია. ამის ფონზე ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ერთი შეხედვით ეს დიდი არაფერია, მაგრამ რეალურად ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. მეტიც, 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რას ნიშნავს ეს, რაზე აისახება გლობალური დათბობა, რა პროცესები იწვევს მას და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე, პლანეტაზე და რა უნდა დავუპირისპიროთ მას? პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ვცდილობთ, ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი და გარემოს დაცვითი აქტივისტი, ანანო მჭედლიშვილი გვეხმარება.
Thu, 30 Sep 2021 - 1h 08min - 36 - ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს. დღეს ჩვენ ვქმნით ცივილიზაციებს, ქალაქებს, ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე, რადგან პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე სხვა "ადამიანებიც" დააბიჯებდნენ. ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე, ბევრად უფრო ადრე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ნეანდერტალელები — არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა. დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები, ზეზვა და მზია. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ოროზმანში მოხდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სადაც 1 800 000 წლით დათარიღებული ნამარხები და უძველესი ადამიანის კვალი დაფიქსირდა. თუ რას ნიშნავს ეს, როგორი იყო ადამიანის ევოლუცია და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საქართველოსა და ადგილობრივ არქეოლოგებს პოდკასტში არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილთან საუბრით ვარკვევთ. წინ, წარსულისკენ. . .
Tue, 28 Sep 2021 - 1h 35min - 35 - მულტიპლანეტარული ცივილიზაცია — კაცობრიობის მომავალი
მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. ყველა პროგნოზით, ამ მხრივ პირველი პლანეტა, რომელსაც ადამიანი დედამიწის შემდეგ აითვისებს მარსი იქნება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პლანეტა, რომელსაც ადამიანი აითვისებს და მარსის შემდეგაც იქნება ახალი ციური სხეულები, რომლებიც ადამიანის ახალ სახლად იქცევა. როდის მოხდება ახალი პლანეტების ათვისება და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს? რატომ არის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი? ეს ის შეკითხვებია რაზეც პასუხის გაცემას პოდკასტში ვცდილობთ. დღეს ჩემთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი, ზურა ჯიშჯარიანია.
Thu, 16 Sep 2021 - 1h 23min - 34 - კოსმოსი და ადამიანი — მეცნიერება და ტურიზმი
კოსმოსში ადამიანის მოგზაურობის ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი, იური გაგარინი პირველი ადამიანი იყო, რომელიც კოსმოსში გავიდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა თემატური მისიები, მათ შორის ადამიანის პირველი ნაბიჯები მთვარეზე. დღეს მორიგი მსგავსი "პირველი ნაბიჯების" მოლოდინში ვართ და ამჯერად მარსზე. მარსის მისიის პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კოსმოსური ტურიზმი. ამით კერძო სექტორიც აქტიურად ინტერესდება, არის საუბარი კოსმოსურ სასტუმროებზეც, რომლებიც პლანეტის ორბიტაზე განთავსდება. დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ კოსმოსზე და მის ათვისებაზე. მიმოვიხილავთ პირველ ნაბიჯებს, რომელიც კაცობრიობამ კოსმოსის ათვისების მხრივ გადადგა, ვისაუბრებთ თანამედროვე გამოწვევებზე და მომავლის პერსპექტივებზე. ვეცდებით გავიგოთ რამდენად რეალურია და როდისთვის უნდა ველოდოთ ნამდვილ "კოსმოსურ ტურიზმს". პოდკასტის სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს და არის კოსმოსური ტურიზმის ენთუზიასტი.
Tue, 31 Aug 2021 - 2h 07min - 33 - ასტროფოტოგრაფია — როგორ დავინახოთ კოსმოსი
მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ასტრონომიას ციური სხეულების კვლევაში ფოტოგრაფიის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე შეემატა. ფოტოგრაფიამ დაგვანახა კოსმოსის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც აქამდე მხოლოდ მკვლევრები სწავლობდნენ. ასტროფოტოგრაფიული ნამუშევრის შესრულება პირველად 1839 წელს ფრანგმა მეცნიერმა ლუი დაგერმა სცადა. მას მთვარის დაფიქსირება სურდა, თუმცა ნამუშევარზე დედამიწის თანამგზავრი ლაქად აისახა. ფოტოტექნიკის დახვეწასთან ერთად ასტროფოტოგრაფია სულ უფრო ვითარდებოდა და ის სამეცნიერო დანიშნულებასთან ერთად, ხელოვნების დარგადაც იქცა. დღეს უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ასტროფოტოგრაფი არსებობს, ისინი კოსმოსის და ციური სხეულების უნიკალურ გამოსახულებებს ქმნიან. ისინი ადამიანებს — ჩვენ კოსმოსის დანახვაში გვეხმარებიან. პოდკასტში დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეა — ვსაუბრობთ ასტროფოტოგრაფიაზე, მის როლზე მეცნიერებასა და ხელოვნებაში
Sat, 28 Aug 2021 - 1h 10min - 32 - პოსტჰუმანიზმი — კაცობრიობის მომავალი
თუ ჰუმანიზმმა ადამიანი ზედა საფეხურზე აიყვანა, პოსტჰუმანიზმს მიაჩნია, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში აღარ უნდა იყოს. პოსტჰუმანისტები, რომლებსაც ზოგჯერ ტრანსჰუმანისტებსაც უწოდებენ, ამტკიცებენ, რომ მომდევნო საუკუნეში ადამიანი რადიკალურად შეიცვლება, ამისთვის კი იმპლანტებს, გენურ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს და ბევრ ისეთ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაზეც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის. ჩვენი სასაუბრო თემაც სწორედ ეს არის, ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი — ჰომო საპიენსების მომავალი. ამ ყველაფრის გარკვევას კი დღეს ჩემთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ადამიანი, ზურა ჯიშჯარიანი შეეცდება.
Wed, 18 Aug 2021 - 1h 24min - 31 - კორონავირუსი და ვაქცინაცია
2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთში დააფიქსირეს, COVID-19 სხვდასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით დღემდე ვირუსით 200 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 მილიონზე მეტი დაიღუპა. მას შემდეგ რაც გლობალური ვაქცინაცია ოფიციალურად დაიწყო, უკვე დღეს აცრები დაწყებულია ყველა კონტინენტზე, 213 ქვეყანასა და რეგიონში. მთლიანობაში გამოყენებულია 3,5 მილიარდზე მეტი დოზა. საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო. NCDC-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 15 ივლისისთვის, ქვეყანაში გამოყენებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 ადამიანი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394. პოდკასტში ვსაუბრობთ კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე, განვიხილავთ, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიო ვაქცინაციას, ისე ამ მხრივ საქართველოში განვითარებულ პროცესებს. ამ ყველაფრში ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამეცნიერო ჟურნალისტი დიმიტრი ლიპარტელიანი დაგვეხმარება.
Sat, 31 Jul 2021 - 1h 14min - 30 - STEM განათლება — მომავლის პროფესიები
STEM განათლება საკუთარ თავში მოიცავს სწავლებას, რომელშიც შედის მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. სწორედ ეს ოთხი სფეროა, რომელიც თანამედროვე განვითარებული სამყაროსთვის აუცილებელია. STEM განათლების მიღება ბავშვებს სულ პატარა ასაკიდან შეუძლიათ და ის საკუთარ თავში მოიცავს რაც შეიძლება მეტ პრაქტიკას. პოდკასტში ვისაუბრებთ STEM განათლებაზე, მიმოვიხილავთ მომავლის პროფესიებსაც და ვეცდებით გავიგოთ თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო, ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან აქტიურ მწარმოებლადაც იქცეს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი გივი ბერიძეა.
Thu, 29 Jul 2021 - 1h 06min - 29 - ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
ეგზოპლანეტები მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტებია. ისინი მოძრაობენ არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, თუ ვარსკვლავური ნარჩენის გარშემო. ეგზოპლანეტის დაფიქსირება პირველად 1992 წელს დადასტურდა, დღეს კი უკვე ათასობით ასეთი პლანეტაა აღმოჩენილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში 11 მილიარდი პოტენციურად სასიცოცხლო დედამიწის ზომის პლანეტაა. ეს კი ნიშნავს, რომ სამყაროში არამიწიერი სიცოცხლეც ასეთივე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. დღეს სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. უფრო ახლოდან გავიცნობთ ეგზოპლანეტებს, გავიგებთ თუ როგორ ხდება მათი აღმოჩენა და რამდენად სავარაუდოა, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვიყოთ. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ფიზიკოსი ლადო რაზმაძე დაგვეხმარება.
Thu, 22 Jul 2021 - 1h 10min - 28 - ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში
სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანის მიერ შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს ძალიან პრიმიტიული გრაფიკა ჰქონდა. ახლა, დახვეწილ გრაფიკასთან ერთად, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებიც გვაქვს. VR ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ, ძალიან მარტივია დაიჯერო, რომ ვირტუალური რეალობა ნამდვილია. და რა იქნება მომავალში? თუ ჩვენ დამაჯერებელი ვირტუალური რეალობის შექმნის პოტენციალი გვაქვს, მაშინ რა ვიცით, რომ იგივე ოდესღაც სხვებმაც არ შეძლეს და ახლა ჩვენც ერთ-ერთ ასეთ სიმულაციაში არ ვიმყოფებით? დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ კომპიუტერულ სიმულაციებზე და რეალობაზე. ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი, ლევან ბოძაშვილი დაგვეხმარება.
Wed, 30 Jun 2021 - 1h 02min - 27 - იმუნური სისტემა — სიცოცხლის მთავარი დამცველი
იმუნიტეტი შინაგანი სისტემაა, რომლიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ცოცხალი ორგანიზმის ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. ეს არის სხეულის დამცავი უნარი, რომელსაც ევალება გარეგანი პათოლოგიებისა და შინაგანი დაზიანებული უჯრედების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი სხეული ერთგვარი ციხესიმაგრეა, სადაც მუდმივი ბრძოლაა გაჩაღებული. ციხესიმაგრის პირველი დამცავი ხაზი ჩვენი კანია, რომელიც იგივე გალავანია მტრისგან დასაცავად. თუ ინფექცია მაინც მოხვდა ჩვენს ორგანიზმში, აქ უკვე დაცვის მეორე ხაზი, სისხლის უჯრედული ჯარისკაცები გამოდიან ბრძოლის ველზე. ცოცხალ ორგანიზმებში ეს პროცესები მუდმივად მიმდინარეობს. თუ რა ხდება უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი და მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი ბრძოლა, ამის გარკვევაში ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცორებული პროფესორი და ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ია ფანცულაია დაგვეხმარება.
Tue, 29 Jun 2021 - 1h 13min - 26 - კლონირება — სიცოცხლის არქიტექტურა
კლონი — ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონები მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების — გენების მიხედვით. მთლიანობაში, ამ პროცედურის გამოყენება ნებისმიერი ორგანიზმის მიმართ შეიძლება. დღეს კლონირება გამოიყენება, როგორც მედიცინის სფეროში, ისე სასოფლო სამეურნეო ინდუსტრიაში. ძუძმწოვრების კლონირების მხრივ საინტერესოა ე.წ. ბირთვის გადატანის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შოტლანდიაში 1996 წელს ცხვრის, სახელად დოლის კლონირება განხორციელდა. თუ რა ხდება ამ მხრივ დღეს და რაში იყენებენ მეცნიერები კლონირების მეთოდს, ამას პოდკასტში ჩვენს სტუმართან, ანა გოფოძესთან ერთად გავიგებთ, რომელიც სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ინვიტრო ლაბორატორიის სპეციალისტია.
Thu, 24 Jun 2021 - 1h 06min - 25 - დიდი აფეთქება — როგორ გაჩნდა სამყარო
დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობის ყველაზე პოპულრაული კოსმოლოგიური ახსნაა, რომლის მიხედვით ყველაფერი წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ. 1927 წელს ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლემეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას, რის მიხედვითაც სამყარო სტატიკური უნდა ყოფილიყო. სამყაროზე შემდეგმა დაკვირვებამ კი გვაჩვენა, რომ ის მუდმივად ფართოვდება, შესაბამისად ის რაც ფართოვდება, მას საწყისი "ბიძგი" უნდა ჰქონოდა. რა არის ეს თეორია, რას გვეუბნება ის ჩვენს სამყაროზე, მის წარსულზე და მომავალზე? ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით, რაშიც ჩვენი სტუმარი ფიზიკოსი თინათინ ცისკარიძე დაგვეხმარება.
Mon, 31 May 2021 - 52min - 24 - Pulsar AI — საქართველოდან გლობალურ ბაზრამდე
Pulsar AI ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია. სტარტაპმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა, სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის 2016 წლიდან დაიწყო. უკვე 2019 წელს, Pulsar AI სილიკონ ველის ინვესტორებმა $1,2 მილიონით დააფინანსეს. მას შემდეგ სტარტაპი აქტიურად ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. უმოკლეს დროში პულსარის ღირებულება უკვე რამდენიმე მილიონი დოლარია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატაპი უკვე გლობალურ ბაზარზეც აქტიურად მოღვაწეობს. სულ ცოტა ხნის წინ, Pulsar AI გლობალურმა SpinCar-მა შეიძინა, რაც სტარტაპის კიდევ ერთ ახალ საფეხურზე ასვლაზე მეტყველებს. დღეს სწორედ Pulsar.AI-ზე ვისაუბრებთ და გავიგებთ, თუ როგორ მოხვდა ქართული სტარტაპი სულ რამდენიმე წელიწადში გლობალურ ბაზარზე. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, სტარტაპის თანადამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე დაგვეხმარება.
Sun, 30 May 2021 - 52min - 23 - შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
შავი ხვრელები სამყაროში ყველაზე მასიური ობიექტებია. მათი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. გიგანტური შავი ხვრელების მასა შეიძლება მზეზე 3 მილიარდჯერ დიდი იყოს. ეს ფაქტიურად მთელი გალაქტიკის მასის პროპორციულია. არის ვარაუდი, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელია მოთავსებული, რომელიც თავისი კოლოსალური გრავიტაციის ხარჯზე მილიარდობით ვარსკვლავის სისტემაზე მოქმედებს. და რა ხდება ამ მონსტრებში რეალურად? რა მოხდება თუ მათ მოვლენების ჰორიზონტს გადავკვეთთ? ამაზე კაცობრიობას აქვს ვარაუდები, თეორიები, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერ არ ვიცით. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თეორიებზე ვისაუბრებთ. ამ ყველაფრის გარკვევაში კი ჩვენი სტუმარი ფიზიკოსი — გიორგი ხომერიკი დაგვეხმარება.
Wed, 19 May 2021 - 1h 16min - 22 - NFT — ციფრული ხელოვნების მომავალი?!
რა არის NFT? NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და სოციალური ქსელის პოსტებიც კი. NFT განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტვიტერის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თავისი პირველი ტვიტი დაახლოებით 3 მილიონ დოლარად გაყიდა. ერთი სიტყვით, NFT არის ის, რაც ციფრული კონტენტის მილიონებად გაყიდვის საშუალებას იძლევა. მას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ის შეიძლება ციფრული ხელოვნების მომავალიც იყოს. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, დღევანდელი სტუმარი, Nexr.on.ge-ს სამეცნიერო ჟურნალისტი თორნიკე კიკნაძე დაგვეხმარება.
Fri, 30 Apr 2021 - 42min - 21 - ბაქტერიები და ბაქტერიოფაგები — მსოფლიოს უძველესი ომი
ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ მძვინვარე ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც ერთ მხარეს ფაგები — ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელები, მეორე მხარეს კი, ზოგ შემთხვევაში არანაკლებ სასტიკი ბაქტერიები დგანან. დედამიწაზე უამრავი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშია. სწორედ მათთან საბრძოლველად ადამიანს ბუნებამ ბაქტერიოფაგები უბოძა. ბაქტერიოფაგები ბაქტერიებზე ნადირობენ და მათ ანადგურებენ. სწორედ ამიტომ ბაქტერიოფაგებს სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ბაქტერიოფაგებს შეეხება, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ეს უძველესი ომი და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება ჩვენ, ადამიანებს. ამ ყველაფერის გარკვევაში კი, დღევანდელი სტუმარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მაკალათია დაგვეხმარება.
Tue, 27 Apr 2021 - 43min - 20 - დროში მოგზაურობა — მეოთხე განზომილების დამორჩილება
საუკუნეზე მეტია, მეცნიერები დროში მოგზუარობის ფენომენს სერიოზულად განიხილავენ. 1905 წელს, ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალური თეორია გამოაქვეყნა. თეორიის მიხედვით დრო და სივრცე განცალკევებული არ არის – ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. შესაბამისად, დრო ფიქსირებულად არ გადის, თითქოს რომელიღაცა საათზე იყოს დარეგულირებული. მისი სვლის ტემპი ცვალებადია და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფები და თავად რა სიჩქარით მოძრაობ. სწორედ აქედან დროში მოგზაურობის ოცნებებმა სამეცნიერო თეორიებში გადაინაცვლა და სამ სივრცით განზომილებას, ერთი დროითიც დაემატა. შავი ხვრელები, ფარდობითობის თეორია, კვანტური მექანიკა, სინათლის სიჩქარე — ეს ის სამეცნიერო თემებია, რაც დროში მოგზაურობასთან პირდაპირაა დაკავშირებული. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემებს მიმოვიხილავთ და ვეცდებით გავიგოთ, რამდენად რეალურია დროში მოგზაურობა და რამდენად შეგვიძლია ეს ჩვენ. ამ რთული ამოცანის გადაჭრაში კი, ჩვენი სტუმარი, ასტროფიზიკოსი, ბექა თევდორაშვილი დაგვეხმარება.
Fri, 16 Apr 2021 - 55min - 19 - ვაქცინაცია — კაცობრიობის იარაღი მიკრობულ სამყაროსთან ომში
ვაქცინა კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის. ამაზე ციფრებიც მეტყველებს, მაგალითისთვის, მხოლოდ 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. ხოლო ბოლო დროინდელი კვლევებით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ვაქცინაცია უკვე დიდი ხანია დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება, თუმცა, დღეს ის კიდევ უფრო აქტუალურია. კორონავირუსი — ეს ის უხილავი მტერია, რომელთან ბრძოლაშიც ჩვენი მთავარი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა. პოდკასტში მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ვაქცინაციას, ისე კონკრეტულად კორონავირუსის ვაქცინებს. ვეცდებით უფრო ახლოდან გავიგოთ თუ რა არის ვაქცინა, როგორია მისი ისტორია, რა უნდა ვიცოდეთ მასზე, საიდან მოდის ვაქცინაციის მიმართ შიშები, როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან და რაც მთავარია, ინფორმაციას მივიღებთ ამ საქმის პროფესიონალისგან, ჩვენი დღევანდელი სტუმრისგან, ნინო გაჩეჩილაძესგან, რომელიც თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ვირუსოლოგია.
Tue, 30 Mar 2021 - 1h 41min - 18 - როგორ გავიმარტივოთ ონლაინ გადახდები — Payze
Payze უნივერსალური საგადასახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ნებისმიერი ტიპის პლატფორმას ონლაინ გადახდების წარმოებაში ეხმარება. Payze-მ დღემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, მოახერხა რა რამდენიმე კონკურსში გამარჯვება და აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი რომელზეც დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ, 500 Startaps აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულია. 500 Startaps მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორია და მასში გამარჯვება სილიკონ ველიზე წარდგენასაც ნიშნავს. პოდკასტში გავიგებთ თუ როგორ მოვიდა აქამდე Payze და რას უნდა ველოდეთ მისგან მომავალში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი, Payze-ის თანადამფუძნებელი გეგა წურწუმიაა.
Thu, 25 Mar 2021 - 42min - 17 - Clubhouse — ახალი სიტყვა აუდიო კომუნიკაციებში
Clubhouse ახალი სოციალური ქსელია, რომელმაც შექმნიდან სულ ცოტა ხანში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ის 2020 წლის გაზაფხულისთვის გაეშვა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ბოლო თვეებში მიიპყრო. ამ დროის მონაკვეთში ახალი სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა, რამდენიმე ათასიდან მილიონებამდე გაიზარდა. Clubhouse ლაივ აუდიო ჩატების სოციალური ქსელია. აქ მხოლოდ მოსმენა და საუბარი შეგიძლიათ. დიახ, Clubhouse-ზე ვერაფერს დაწერთ და ვერც ფოტოებს გააზიარებთ. ერთი შეხედვით ბევრისთვის ეს შეზღუდვები დისკომფორტი უნდა იყოს, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. Clubhouse მრავალფეროვანია. ინტერესების მითითებიდან გამომდინარე, თქვენთვის საინტერესო დისკუსიებს, ლექციებს თუ მოხსენებებს მოისმენთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინტერაქციულია. ახალი სოციალური ქსელი საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ საინტერესო ადამიანებს და მათთან დისკუსიაშიც შევიდეთ. მეტიც, ასეთივე აუდიო ოთახების მოწყობა ნებისმიერს შეუძლია. მასში თქვენთვის საინტერესო ადამიანების მოწვევა და სურვილისამებრ მოდერატორობა და სპიკერობაც მარტივია. Clubhouse-ის კონცეფციის მიმართ ინტერესი ფეისბუქმა და ტვიტერმა უკვე გამოხატეს და მსგავსი სოციალური ქსელის შექმნაზე ახლა თავადაც ფიქრობენ. ფაქტია, ახალი სოციალური ქსელი უდიდეს ინტერესს იწვევს და ამ პოდკასტში ჩვენც მასზე ვისაუბრებთ. დეტალურად მიმოვიხილავთ თუ როგორ მუშაობს ის, რანაირად შეგვიძლია მისი პროდუქტიულად გამოყენება და რაც მთავარია, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს Clubhouse-ს. საინტერესოა, შეცვლის თუ არა ის ჩვენს ცხოვრებას ისე, როგორც ეს ოდესღაც ფეისბუქმა შეძლო. ამ ყველაფრის გარკვევაში ჩვენი სტუმარი, ჟურნალისტი და Clubhouse-ის აქტიური მომხმარებელი, გიორგი გოგუა დაგვეხმარება.
Mon, 15 Mar 2021 - 1h 16min - 16 - მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
მარსი მზისგან დაშორებით მეოთხე პლანეტაა. ის დედამიწასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ პატარაა, ხოლო მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანმა მასზე ცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. მეტიც, არამხოლოდ ფიქრობენ, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მარტო ამ თვეში, მარსის მისია სამმა სახელმწიფომ წარმატებით შეასრულა. ფაქტია, კონკურენცია ძალიან დიდია, მოწინავე სახელმწიფოების გარდა, მსოფლიოში ორი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი კოსმოსის და მარსის ათვისებით არიან დაინტერესებული. მაგალითისთვის, ილონ მასკი Starship-ის რაკეტებს აშენებს, რათა თითო რაკეტამ წითელ პლანეტაზე ასამდე ადამიანი გადაიყვანოს. მისი გამოთვლებით, ასეთი რაკეტებით, ათ წელიწადში 100 000 ადამიანის მარსზე წაყვანა იქნება შესაძლებელი. მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, გავიგებთ თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, რამდენად რეალურია მარსის კოლონიზაცია. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ასტრობიოლოგი, მარიკა ტარასაშვილი დაგვეხმარება.
Sun, 28 Feb 2021 - 1h 11min - 15 - ინტერნეტის ბნელი მხარე — დაქნეტი
დღეს ინტერნეტს 5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, თუმცა, ცოტამ თუ იცის რომ ის ყველაფერი რაზეც ყოველდღიური წვდომა გვაქვს, რეალურად ინტერნეტის ძალიან მცირე ნაწილია, საუბარია დაახლოებით 4 პროცენტზე. დიახ, ის რისი მოძიებაც Google-ით შეგვიძლია, ინტერნეტის სულ მცირე ნაწილია. ინტერნეტის დაახლოებით 96 პროცენტი ღრმა ვებისგან შედეგება. ღრმა ვებში უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის სამთავრობო ვებგვერდები, ან სულაც თქვენი Gmail-ის ანგარიში. ასეთი გვერდები შიდა საძიებო ფუნქციას იყენებენ, მსგავს ინფორმაციას გუგლით ვერ მოიპოვებთ. თუმცა, არც ეს არის დარქნეტი. დარქნეტში, იგივე ბნელ ინტერნეტში მოსახვედრად სპეციალური ბრაუზერებია საჭირო. ბნელ ინტერნეტში ანონიმურობა ბოლომდე დაცულია, იქ ისე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ადამიანებს და შენაძენებიც გააკეთოთ, რომ ვერავინ გაიგებს თუ ვინ ხართ. აქ თქვენ კრიპტოვალუტით ვაჭრობთ, რაც თქვენს ტრანზაქციებს სამართალდამაცვებისთვისაც ხელმიუწვდომელს ხდის. ბევრი დარქნეტს კონფიდენციალურობის და პირადი სივრცის დასაცავად იყენებს, თუმცა, კონფიდენციალურობა მსხვერპლს მოითხოვს. დარქნეტში უამრავი კრიმინალია, ვინც იარაღით, ნარკოტიკებით და მოპარული პირადი ინფორმაციით ფულს შოულობს. როგორც ბარაკ ობამამ ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირებით აღნიშნა, — "თქვენ ვერ გექნებათ 100 % უსაფრთხოება და ამავდროულად 100 % პირადი სივრცე." დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ეს არის, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ინტერნეტის ბნელი მხარე, რა ხდება დარქნეტში და სად გადის ზღვარი პირად სივრცეს და კრიმინალს შორის. ამაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, გიორგი ნონიკაშვილი, ჯეოლაბის ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი დაგვეხმარება.
Tue, 23 Feb 2021 - 1h 01min - 14 - საფონდო ტახტის თამაშები — Wall street VS r/WallStreetBets
Wall street მომცრო ზომის ვიწრო ქუჩაა. მას დიდი ისტორია აქვს, აქ ვაჭრები ხშირად იკრიბებოდნენ. თუმცა, 1792 წელს, 24-მა ვაჭარმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ვაჭრობის პრივილეგიები მიენიჭათ. ამით მათ ქუჩიდან შენობებში გადაინაცვლეს, სადაც მათ გარდა სხვა ვერ ივაჭრებდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღეს Wall Street-ზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაა და მას ხშირად მსოფლიო კაპიტალიზმის გულადაც მოიხსენიებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც ასახავს. აქ მილიარდობით დოლარის, უდიდესი კომპანიების და მილიონობით ადამიანის ბედი წყდება. ერთი შეხედვით ამ ყველაფერს უდიდესი კორპორაციები და "დიდი ბიჭები" წყვეტენ. ისინი პროგნოზირებენ იმას თუ რომელი კომპანიის აქციები ფასი დაეცემა და რომლის აიწვევს. სწორედ ასეთი პროგნოზით, კომპანია GameStop-ის აქციების ფასი რადიკალურად უნდა დავარდნილიყო. კომპანია ვიდეოთამაშებს ფიზიკურად ყიდის, ბოლო დროს კი ადამიანები თამაშების საყიდლად მაღაზიებში იშვიათად დადიან. ყველა ლოგიკის მიხედვით უდიდესმა მოთამაშეებმა მილიონობით დოლარი GameStop-ის აქციების გაუფასურებაზე დადეს. თუმცა, სოციალური ქსელის Reddit-ის რიგითმა მომხმარებლებმა ეს შენიშნეს და GameStop-ის აქციების შესყიდვა დაიწყეს. მალე მოძრაობას მილიონობით ადამიანი შეუერთდა, რამაც გაკოტრების პირას მისული კომპანიის აქციები კოლოსალურად გაზარდა. GameStop-ის ღირებულება, 200 მილიონი დოლარიდან, 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მან ვინც GameStop-ის აქციებში 50 ათასი დოლარი ჩადო, 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ხოლო უდიდესმა მოთამაშეებმა ამით ათობით მილიარდი დოლარის დანაკარგი განიცადეს. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ახლა სხვა კომპანიების აქციების ფასის ხელოვნურად გაზრდას გეგმავენ. ჩნდება კითხვა: ეს ფინანსური რევოლუციაა? ფაქტია, ნამდვილი საფონდო ტახტის თამაშების მომსწრენი გავხდით. რა იქნება შემდეგი, არის ეს ფინანსური სამყაროს რევოლუცია, ანაქრქია თუ უბრალოდ დროებითი მოვლენა, ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით. ამაში კი ჩვენი სტუმარი, გალტ ენდ თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე დაგვეხმარება.
Wed, 17 Feb 2021 - 1h 05min - 13 - კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
ელექტროგამომთვლელი მანქანების შემუშავებაზე ადრეც ფიქრობდნენ, მაგრამ კომპიუტერები მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. ეს იყო შენობის ზომის, რამდენიმე ტონიანი გამომთვლელი მანქანები, რომლებიც ნელ-ნელა დაპატარავდნენ, სიმძლავრით კი კოლოსალურად გაიზარდნენ. დღეს ამ გიგანტების შთამომვლებს, ლეპტოპების სახით, ჩანთებით, ხოლო სმარტფონების სახით, ჯიბეებით დავატარებთ. თუმცა, კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება და კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდებიან. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს. კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რაც მას მილიონობით გამოთვლის თანადროული ჩატარების საშუალებას აძლევს. ბევრი დიდი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული, მაგალითისთვის, ჩინეთი კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს. ამასთან, კვანტურ კომპიუტერებთან ერთად, რეალური ხდება კვანტური კარტოგრაფია და კვანტური ინტერნეტი. რა იქნება შემდეგი და როგორი იქნება კომპიუტერების ახალი ეპოქა, ამ საკითხზე სასაუბროდ, დღეს ჩვენი სტუმარი ერეკლე მაღრაძეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
Sun, 31 Jan 2021 - 1h 12min - 12 - ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები
გადახდის საშუალებები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, იცვლებიან და ევოლუციას განიცდიან. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტარული სისტემიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით შეიცვალა. დღეს ბევრი ციფრული ფულის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებს. კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია. ისინი სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველანაირი შუამავლის, ცენტრალური ბანკის თუ სახელმწიფოს გარეშე შეგვიძლია. დიახ, კრიპტოვალუტის შექმნა ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ მისი შექმნით კერძო კომპანიებიც არიან დაინტერესებული, რაც ერთგვარ იდეოლოგიურ ბრძოლამდეც შეიძლება მივიდეს. ჩნდება შეკითხვა, ვის ექნება ფულზე კონტროლი, სახელმწიფოს, კერძო სექტორს თუ ის სრულად დეცენტრალიზებული შეიძლება გახდეს? ამის პარალელურად, კრიპტოვალუტების ფასი კვლავ იზრდება, ოდესღაც არაფრისგან აღმოცენებული კრიპტოვალუტის სისტემის ღირებულებამ იანვარში რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. რა იქნება შემდეგი და როგორი შეიძლება იყოს ფულის მომავალი, ამ საკითხების გარკვევას ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად შევეცდებით, ესენი არიან; ლაშა ანთაძე — დეცენტრალიზებული სისტემის Shelf.Network-ის დამფუძნებელი და გიორგი გვაზავა, CryptX Wallet-ის გენერალური დირექტორი.
Mon, 25 Jan 2021 - 1h 00min - 11 - რა შეცვალა 2020-მა ტექნოლოგიებსა და ჩვენს ცხოვრებაში
2020 წელი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ რომ არა ტექნოლოგიები, ის კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ტექნოლოგიების აუცილებლობა. პანდემიის პარალელურად ტექნოლოგიები კვლავ ვითარდებოდა და რაღაც ასპექტში ახალმა რეალობამ ეს პროცესები დააჩქარა კიდევაც. ამის მაგალითია, სოციალური ქსელები და ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს გამოწვევა კი მათთვის განვითარების ახალ წყაროდაც იქცა. კორონავირუსმა ბრენდების და კომპანიების ყოველდღიურობაც შეცვალა და მათ გაციფრულების აუცილებლობა დაანახა. ამის ფონზე, 2020 წელი უამრავი ახალი ტექნოლოგიური სიახლითაც გამოირჩეოდა. ჯერ მარტო რად ღირს ის ტექნოლოგიური ძვრები რაც ვირტუალური რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური კომპიუტერების, კვანტური ტელეპორტაციის, მზის ხელოვნური რეაქტორების და რობოტიკის სახით გვქონდა. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2020-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეებს. ამასთან, შევეხებით 2021 წელს და გავიგებთ თუ რა შეიძლება იყოს ახალი 2021 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები. ამ საკითხებზე სასაუბროდ, დღეს ჩვენთან ერთად next on ge ის მთავარი რედაქტორი, ხატია თორდუაა.
Thu, 07 Jan 2021 - 59min - 10 - CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
ათასობით წლის განმავლობაში ადამიანი გენურ ინჟინერიას (ხელოვნურ სელექციას) იყენებდა, თუმცა, დნმ-ზე ინფორმაცია არც კი ჰქონდა. დღეს გენურ ინჟინერიას უკვე უამრავ სფეროში ვიყენებთ. ცოტა ხნის წინ კი, გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია — CRISPR, რომელმაც გენეტიკური ინჟინერია თავდაყირა დააყენა. ესაა რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ. CRISPR-ს უამრავი დაავადების არამარტო მკურნალობა, საერთოდ გენომიდან გაქრობაც კი შეუძლია. CRISPER-ის უნივერსალურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ისეთი უმძიმესი დაავადებების დასამარცხებლადაც შეგვიძლია, როგორიცაა სიმსივნე, აივ ინფექცია და კორონავირსიც კი. დღეს ამ რევოლუციურ ტექნოლოგიაში თანხის ჩადებას თითქმის ყველა ინდუსტრია ცდილობს, იქნება ეს ფარმაკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა თუ სხვა. ამ უახლეს და შეიძლება ითქვას, მაგიურ ტექნოლოგიაზე სასაუბროდ ორი სტუმარი გვყავს, ნინო ჩიღვინაძე, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, გენეტიკის დოქტორანტი და გოჩა გოლუბიანი, მოლეკულური ბიოლოგიის დოქტორანტი, რომელიც დღეს გოტინგენიდან გვერთვება.
Wed, 30 Dec 2020 - 53min - 9 - დიდი მონაცემები — ციფრული სამყაროს ნავთობი
დიდი მონაცემები ეს ის ფუნდამენტია, რასაც დღეს თანამედროვე სამყარო ეყრდნობა. რთულია წარმოვიდგინოთ სფერო, სადაც დიდი მონაცემების გამოყენება და დამუშავება არ ხდება. მას ვიყენებთ თითქმის ყველაფერში. იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება, ამინდის პროგნოზი, საბანკო-საფინანსო სფერო თუ ზოგადად ბიზნესი. მონაცემების გამოყენებამ თითქმის სრულიად შეცვალა და დახვეწა მარკეტინგი, შემდეგ ეტაპზე აიყვანა მედიცინა და დიდი როლი ითამაშა კორონავირუსთან ბრძოლაში. 2019 წელს "დიდი მონაცემების" აპლიკაციების გაყიდვა/მხარდაჭერით მიღებული შემოსავლების საერთო მოცულობამ 49 მილიარდი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება, 2027 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებლების 103 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, შევეცდებით გავიგოთ თუ ვინ აგროვებს მონაცემებს, რა ინფორმაცია აქვთ ჩვენზე სოც ქსელებს და რაც მთავარია, გავერკვევით იმაში თუ რა არის Big Data და როგორ ხდება მისი გამოყენება. ამ თემებზე სასაუბროდ, ორი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ნიკოლოზ ბეგიაშვილი, საქართვლოს ბანკის მონაცემთა ინჟინერიის უფროსი და დავით ლაპიაშვილი, საქართველოს ბანკის "Solution Architect".
Mon, 14 Dec 2020 - 40min - 8 - როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და რა შეუძლია მას
დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს Google, Apple თუ Facebook. სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას, ან გინდაც, სმარტფონით სურათების გადაღებისას. ხელოვნური ინტელექტი წარმოებაშიც აქტიურად გამოიყენება. ასევე, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ინდუსტრიის, ფინანსების, კომუნიკაციისა და ბევრი სხვა მიმართულებით.დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, გავიგებთ როგორ წარმოიშვა ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რა მომავალი აქვს მას. ამ საკითხებზე Animachatbotics-ის დეველოპერ, თემურ ჩიჩუას ვესაუბრეთ, რომელიც მანქანური დასწავლის მეთოდის გამოყენებით, ქართული ენის ბუნერივ დამუშავებაზე მუშაობს.
Fri, 04 Dec 2020 - 37min - 7 - შემდეგი პოდკასტი #7: VR - "შემდეგი რეალობა" — პანდემიამდე და მის შემდეგ
დღევანდელი სასაუბრო თემაა ვირტუალური რეალობა და პანდემიის პირობებში, ამ ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები. ვირტუალურმა რეალობამ დღეს ინტეგრირება ძალიან ბევრ სფეროში მოახდინა. ის გამოიყენება, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, ასევე მედიცინაში, სწავლებაში, სამხედრო სფეროში, ტურიზმში, სამეცნიერო კვლევებში და ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი და კომპანია იყენებს. Facebook, Google, Microsoft ეს მხოლოდ ნაწილია იმ ტექნოლოგიური გიგანტებისა, რომლებიც ვირტუალური თუ გაფართოებული რეალობის კუთხით ბაზარზე დომინირებისთვის იბრძვიან. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის და მოგზაურობის შეზღუდვების პირობებში VR ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში ინტერგრირების ტემპის ზრდის მომსწრენი ვხდებით. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ და არამხოლოდ ამაზე — გავიგებთ რა არის ვირტუალური რეალობა, როგორ იყენებენ კომპანიები თუ მომხმარებლები მას და რას უნდა ველოდოთ მომავალში. როგორი იქნება „შემდეგი რეალობა“? ამ საკითხებზე ქართული VR სტარტაპის — VRex Immersive-ის დამფუძნებელთან და CEO-სთან — ნიკოლოზ გოგოჭურთან ერთად ვისაუბრებთ.
Sat, 21 Nov 2020 - 39min - 6 - შემდეგი პოდკასტი #6: Cardeal-ის გზა სილიკონ ველიმდე
Cardeal მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონს ერთ სივრცეში უყრის თავს. Cardeal ვებგვერდზე თვეში დაახლოებით 500 ათას ავტომობილს აერთიანებს. მომხმარებელს კი საშუალება აქვს, გაეცნოს და მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც ავტომობილის შეძენასა და მის იმპორტირებასთანაა კავშირში.
Wed, 18 Nov 2020 - 20min - 5 - შემდეგი პოდკასტი #5: Cargon-ის გზა სილიკონ ველიმდე
სტარტაპის ისტორია 4 წელზე მეტს ითვლის, თუმცა გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა გამოდგა, რომლის პირველი ნაკადის ერთ-ერთი გამარჯვებულიც სწორედ Cargon გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდი გაზაფხულზე რამდენიმე კვირით სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე გაემგზავრება, რაც მათ ახალი ინვესტიციებისა და პარტნიორების მოძიების უნიკალურ საშუალებას მისცემს.
Tue, 03 Nov 2020 - 24min - 4 - შემდეგი პოდკასტი #4: ღია ბანკინგი, ანუ როგორია მომავალი
ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და ბაზარზე ყოველდღიურად ახალ ფინტექ სტარტაპებს ვხვდებით, ღია ბანკინგის კონცეფცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ახალი მიდგომაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ მომავალი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ჩვენ საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსს გიორგი კინწურაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც ღია ბანკინგის შესახებ გვიყვება.
Thu, 10 Sep 2020 - 27min - 3 - შემდეგი პოდკასტი #3: ვიდეოთამაშები და ელექტრონული სპორტი
ვიდეოთამაშები, რომელსაც ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს, ნელ-ნელა წარმოუდგენლად პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ კომპიუტერულ თამაშებს მილიონობით ადამიანი თამაშობს, ელექტრონულ სპორტში უზარმაზარი ფინანსური ინტერესებიცაა. მესამე ეპიზოდში ჩვენი სტუმარი საქართველოს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენელი თორნიკე ანდრიაძეა.
Mon, 29 Jun 2020 - 43min - 2 - შემდეგი პოდკასტი #2: ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს
ამჟამად კაცობრიობა საკმაოდ უცნაურ და უჩვეულო მდგომარეობაში იმყოფება. კორონავირუსის გამო ყველა ჩვენგანი სახლშია გამოკეტილი, ეს კი ჩვენი ცხოვრების სტანდარტულ წესს რადიკალურად ცვლის. ასეთი გარემო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის დროს ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
Fri, 17 Apr 2020 - 57min
Podcast simili a <nome>
- Global News Podcast BBC World Service
- El Partidazo de COPE COPE
- Herrera en COPE COPE
- Tiempo de Juego COPE
- The Dan Bongino Show Cumulus Podcast Network | Dan Bongino
- Es la Mañana de Federico esRadio
- La Noche de Dieter esRadio
- Hondelatte Raconte - Christophe Hondelatte Europe 1
- Affaires sensibles France Inter
- La rosa de los vientos OndaCero
- Más de uno OndaCero
- La Zanzara Radio 24
- Les Grosses Têtes RTL
- L'Heure Du Crime RTL
- El Larguero SER Podcast
- Nadie Sabe Nada SER Podcast
- SER Historia SER Podcast
- Todo Concostrina SER Podcast
- 安住紳一郎の日曜天国 TBS RADIO
- TED Talks Daily TED
- The Tucker Carlson Show Tucker Carlson Network
- 辛坊治郎 ズーム そこまで言うか! ニッポン放送
- 飯田浩司のOK! Cozy up! Podcast ニッポン放送
- 武田鉄矢・今朝の三枚おろし 文化放送PodcastQR